суббота, 5 октября 2013 г.

რას ვფიქრობ მერაბ მამარდაშვილზე?



                  დიდი ხანია განზრახული მქონდა მერაბ მამარდაშვილზე  (დაიბ. 15 სექტ. 1930, გარდ. 25 ნოემბ. 1990) წერილის გამოქვეყნება. ქართულ პრესაში ძალზე ბევრი დაიწერა და დღემდე იწერება მის გამონათქვამზე „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“.  თავიდანვე ვიტყვი:  ვინც მოელის, რომ ამის გამო აქ მამარდაშვილის გმობას დავიწყებ, ნუღა გააგრძელებს კითხვას.
23 წელი გამოხდა მამარდაშვილის სიკვდილიდან. ის რუსეთიდან მოვიდა ეროვნულ მოძრაობაში და თავისი სიტყვის თქმას ფილოსოფიურად ლამობდა. ყოველთვის მაკვირვებდა ქართველ ფილოსოფოსთა, მწერალთა, ლექტორთა დამოკიდებულება მის მიმართ. იყო ოპოზიციონერთა ყასიდი აღტაცება მამარდაშვილის ნააზრევით 1990-94 წლებში და მისი ნათქვამის ხშირი გამეორება, რომ ზვიადი დაღუპავსო საქართველოს.  ეს რიოშული აღტაცება ზვიად გამსახურდიას ჯიბრით გამოითქმოდა. მამარდაშვილის უცაბედი სიკვდილის შემდეგ ბევრმა გაიმეორა და უფრო ბევრმა კი დაიჯერა, რომ „ზვიადმა მერაბს გული გაუხეთქა“. სამოქალაქო ომის დასრულებისა და საქართველოს გაძარცვის შემდეგ იყო და არის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება მამარდაშვილის მიმართ. ზვიადის მომტერე ინტელიგენტები მამარდაშვილის სახელს იყენებდნენ იმ მოჩვენებითობის შესაქმნელად, ვითომ ბევრი ეყურებოდათ ფილოსოფიაში, ვითომ ლიბერალური ჰუმანიზმის მედროშენი იყვნენ და მარქსისტული ათეიზმით გაბეზრებულნი მეტაფიზიკის საძებნიერში ეძებდნენ ღმერთს.         
  
ცრუ მამულიშვილობას შეყენებული უცოდინარი ჟურნალისტები სხვადასხვა გაზეთებში დღემდე  კილავენ მამარდაშვილს და ბევრ სისულელეს წერენ მასზე. მაგალითებრ, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ „აკაკი ბაქრაძეც და მერაბ მამარდაშვილიც უნდა განვიხილოთ როგორც სუსლოვის იდეოლოგიის ადეპტები...“. ისვე ამბობს: „ათწლეულების განმავლობაში „კაგებეში“ გაწვრთნილი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი“. ისვე ამბობს: „უკიდეგანოდ იდიოტური დევიზი - ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!“, „კრემლმა ფსონი აკაკი ბაქრაძეზე დადო“  („ასავალ-დასავალი“, 2013 წ., 21 მაისი -          2 ივნისი, N 21). იგივე გაიმეორა გ. გიგაურმა ამავე გაზეთის 2013 წლის 9 – 15 სექტემბრის ნომერში (N 36). აკაკი ბაქრაძე ფილოსოფიის გაგებაში არ იყო და მას გიგაურმა მამარდაშვილის დუბლიორი უწოდა. ყოველივე ეს სიტყვების რახარუხია, რომელსაც ბევრი მისდევს, რადგან აზრით სუსტნი არიან. ეს გამოცემა სულ ცდილობს, სიმყრალით და კალამბურებით გააკვირვოს ქვეყანა. ეს გაზეთი გამსახურდიას და მის ოჯახს სულ დასცინოდა 90-იან წლებში. ახლა ის ზვიადის ჭირისუფლად დამდგარა. გაზეთი ბოლშევიკებს წლობით თათხავდა და შემდეგ მათი ქება დაიწყო.   
ეს გამონათქვამები ტიპური მაგალითია საკითხის არა მხოლოდ ვერგაგებისა, არამედ მკითხველთა შეგნებული მოტყუებისა სამშობლოს სახელით. თუ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (КГБ) ათწლეულობით წვრთნიდნენ მამარდაშვილს, მაშინ პირველი ფილოსოფოსები უშიშროების გენერლები ყოფილან.  არც აკაკი ბაქრაძე და არც მერაბ მამარდაშვილი არ ყოფილან რუსეთის უშიშროების ფარული აგენტები. ამის მტკიცება ჟურნალისტ გიორგი გიგაურის მიერ არის უაზრობა და ცილისწამება, რომლის მიზანიც არის მკითხველის მოტყუება, რომ აი, ეს „ასავალ-დასავალი“ არის პატრიოტული გამოცემა, რომ მან ქიციც იცის და ქიცმაცურიც, რომ უშიშროების გენერლებიც კი ვერას გამოაპარებენ მას. ბაქრაძე და მამარდაშვილი რა აგენტები იყვნენ? მამარდაშვილი რომ აგენტი ყოფილიყო, ამას ჯერ კიდევ რუსეთში შეუტყობდნენ და მის ლექციებზე ამდენი ხალხი არ ივლიდა. ის ვერ მოიპოვებდა ასეთ ავტორიტეტს 80-90-იანი წლების რუს დისიდენტთა და საბჭოთა სისტემასთან  მოპაექრე მოსკოველ ჰუმანიტართა შორის.  
ნოდარ ნათაძის მიერ გამოცემულ ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი საქართველო“ (1999 წ., 11-17 მარტი, N 10, გვ. 4) კოტე მელაშვილი ზვიად გამსახურდიას გამოჩინებული მტრის, კიტა ბუაჩიძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ამბობს: „...მერაბ მამარდაშვილი... ანტიეროვნული, გადაგვარებული, გადაჯიშებული ადამიანი გახლდათ, რომელიც ბევრ სხვა სისულელეებთან ერთად ქადაგებდა, ფილოსოფიას ეროვნება არა აქვსო, არ შეიძლება ეროვნული ფილოსოფია არსებობდესო...“.
კოტე მელაშვილი რასაც ამბობს ზვიადის დიდი მოძულის და წლობით მისი დამცინავის, კიტა ბუაჩიძის წინააღმდეგ, სრულიად მართალია, მაგრამ მამარდაშვილის შეფასებაში მას ვერ დავეთანხმები. რასაც კოტე მელაშვილი მამარდაშვილზე წერს, არის ნონსენსი და ფილოსოფიის არსის ვერგაგება. მხოლოდ კოტე მელაშვილი არაა, ვისაც არ ესმის ფილოსოფიური დისკურსის თავისებურება. მოვიყვან თვით ნოდარ ნათაძის აზრს მისივე წიგნიდან „რაც ვიცი“ (თბ., 2002). ეს არის მოგონებები იმისა, რაც ხდებოდა 90-იან წლებში. აი რას წერს ეროვნული მოძრაობის დასამარებაში დიდი წილის დამდები ნოდარ ნათაძე მამარდაშვილის ნათქვამზე „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“. ნათაძე ამბობს, რომ მამარდაშვილის ამ გამოთქმაზე  „არ ვირეაგირე, რადგან ამ სიტყვებში აზრი არ დევს“ (გვ. 303). ამას მოსდევს ნათაძის მეტად იდიოტური მსჯელობა: „მერაბ მამარდაშვილის გამონათქვამი დებულებად ჩაითვლებოდა - ანუ მის სიტყვებს აზრი მიეცემოდა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, მას რომ, ჯერ ერთი, ემსჯელა არა იმაზე, რა „უფრო მაღლა დგას“, არამედ მხოლოდ იმაზე, „რა უფრო მაღლა დგას ადამიანის თვალში“ ან „ადამიანთა თვალში“...   მეორეც, მ. მამარდაშვილის ციტირებულ ფრაზას აზრი მიეცემოდა იმ შემთხვევაში, მას რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა არა „სამშობლო“ და „ჭეშმარიტება“, არამედ „ჭეშმარიტების თქმის მოვალეობა“ და „სამშობლოს დაცვის მოვალეობა“... (გვ. 304), (იხილე ასევე გვ. 305-9, სადაც ეს აბდაუბდა გრძელდება).
ნათაძის ეს წინადადება შემოკლებით მოვიყვანე, რადგან ის რომ სრულად მომეყვანა, გაცილებით მეტი სისულელე გამოჩნდებოდა.  ყოველი წიგნიერი კაცი ნათაძის ამ ნამსჯელის წაკითხვით დარწმუნდება დამწერის არაფილოსოფიურობაში, დავთარარეულობაში. არა, არ ვარგა კაცი არც ფილოსოფოსად, არც პოლიტიკოსად, სულ სხვებისთვის კი იმოძღვრება. ნათაძის არტისტული ოპოზიციონერობა 1991 წლის შემოდგომაზე და სამიტინგო  ცანცარი, მისი ხუნტრუცი პარლამენტში, მისი სიარული თბილისის ზღვაზე, მისი ჭკუის კოლოფობა შევარდნაძის პარლამენტში ქვეყანას ჭირად ექცა.  ჰეგელის „გონის ფილოსოფიის“ ქართულად გადმომღებ ნათაძეს (1984 წელს 8 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა ეს წიგნი) თუ ეს ვერ გაუგია, რომ მამარდაშვილმა მხოლოდ გაიმეორა ძველისძველი ფილოსოფემა ჭეშმარიტების აღმატებულებაზე, მაშინ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას ფილოსოფიისა არა გაეგება რა.
მოვიყვან კიდევ ერთ სააუგო ნათქვამს მამარდაშვილზე. შევარდნაძის მოდასე ისტორიკოსმა ლევან სანიკიძემ მამარდაშვილს უსამშობლო კონდოტიერი უწოდა. ეს, რამდენადაც მახსოვს, იყო გაზეთში „შანსი“ . სანიკიძე ამ გაზეთის მუდმივი ავტორი იყო.  
სანიკიძის ეს ტკაცუნა ნათქვამი აიტაცა ბევრმა ცუდმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა, რომელნიც საქართველოში ათასობით არიან.  მათ წლობით ხითხითი და ქილიკი ედგათ მამარდაშვილზე.  თავად ამ სანიკიძეს ასე უნდა ჰკითხო: ანტიკურობის ისტორიაში მუშაობ, ალექსანდრე მაკედონელზე, რომის იმპერიაზე წიგნები დაგიწერია და მაინც არ გესმის ფილოსოფიური განსჯის თავისებურება. ვითომ არსად შეგხვედრია ანტიკური დროის ფილოსოფოსთა იგივე ნათქვამი, რაც მამარდაშვილმა თქვა. არ გესმის მამარდაშვილის ნათქვამის აზრი.  ისტორიკოსი ხარ და კონდოტიერი ვინ იყო, ესეც არ იცი. როგორც ნათაძე ატყუებდა ქვეყანას თავისი ფილოსოფოსობით, ასევე ლევან სანიკიძე ატყუებდა ქვეყანას თავისი ისტორიკოსობით. მან 90-იან წლებში შევარდნაძის დახმარებით შეატანინა თავისი „დედა ისტორია“ საშუალო სკოლის პროგრამაში სავალდებულო საგნად. სხვისი ჯიბრით დაწერილი წიგნია ეს მისი „დედა ისტორია“.  ქვეყნის მოძღვრობას იჩემებდა სანიკიძე და ერთმა არავინ უთხრა მას, რომ წადი, ჯერ შვილი გაზარდე,  ეს შენი გუბაზ სანიკიძე და მერე იერისკაცე. მამარდაშვილი თუ უსამშობლო კონდოტიერი იყო, პოლიტიკის კონდოტიერი  და რენეგატი გუბაზ სანიკიძე ხომ არის მამულიშვილი?  გუბაზ სანიკიძე თავისი ოპოზიციურობით ატყუებდა ქართველებს. მამარდაშვილი კი არ იყო კონდოტიერი, არამედ ლევან სანიკიძე იყო შევარდნაძის კონდოტიერი ქართულ ისტორიოგრაფიაში.
თუ მამარდაშვილი კონდოტიერი იყო, მაშინ ასევე კონდოტიერები იყვნენ იოანე პეტრიწი, გიორგი მთაწმინდელი, ექვთიმე ათონელი. განა პეტრიწი უცხოეთიდან არ მოვიდა საქართველოში? ან კიდევ სხვები, ვინც ძველ დროში საქართველოს კულტურა შექმნა? 
სიტყვა „კონდოტიერმა“ უარყოფითი აზრი შეიძინა განმანათლებლობის დროის ევროპაში, როდესაც ფეოდალიზმის ამოგდება ფილოსოფიურ დონეზე მიმდინარეობდა მასონ განმანათლებელთა მიერ. მანამდეც, პროტესტანტული ომების დროს კონდოტიერი უარყოფითად მოიხსენიებოდა.  დაქირავებული მეომრის აღმნიშვნელი ეს იტალიური სიტყვა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პოლიტიკურ პოლემიკაში ნეგატიური აზრით გამოიყენებოდა. ასევეა სიტყვები - იეზუიტი, ავანტურისტი, დემაგოგოსი, დესპოტი, ტირანი. კონდოტიერი იყო სამხედრო საქმის დაქირავებული მმართველი შუა საუკუნეების იტალიაში. ის იყო იტალიური ქალაქის დესპოტი (მეფე). კონდოტიერებს მმართველობა უწევდათ მეტად ამორალურ გარემოში. მრავალი იტალიური ქალაქი კონდოტიერებისგან ბევრით იყო დავალებული. მათი ძეგლები დგას იტალიაში. მათ გარდა არავის შეეძლო დაეშოშმინებინა ერთმანეთთან მოქიშპე იტალიური ქალაქები. კონდოტიერი იყო კარგიც და ცუდიც. იტალიის ქალაქებში კონდოტიერი მუდამ ავანსცენაზე ჩანდა თავისი სიმამაცითა და პიროვნული თვისებებით. ის მუდამ მახვილის პირზე მყოფი კაცი იყო, რომლისაც ეშინოდათ მის დამქირავებლებს.  ასევე კონდოტიერს ეშინოდა თავისი უსინდისო დამქირავებლებისა. არასოდეს დავივიწყოთ, რომ რენესანსი იტალიაში დიდი ზნედაცემულობის გარემოში მიმდინარეობდა. რენესანსის დროს და რენესანსამდე ერთი საუკუნით ადრე იყვნენ კონდოტიერები. ბევრმა მათგანმა ხელი შეუწყო ხელოვნებას. რენესანსის დასრულებასთან ერთად ისინი გადავიდნენ ასპარეზიდან.
მკითხველისათვის ასევე საყურადღებო იქნება თენგიზ სიგუას აზრი მამარდაშვილზე. სიგუას მასზე ვკითხე 2002 წელს. მან მითხრა, მერაბი მეუბნებოდა, რომ ევროპა კარს მიგვიხურავს იმ ულტრანაციონალიზმისათვის, რასაც ზვიად გამსახურდია ამკვიდრებსო. მერაბი ასევე მეუბნებოდა, რომ ეს კაცი დაღუპავსო საქართველოს. სიგუამ თქვა, რომ არ იყო მერაბი ისეთი კაცი, რომ ის აქ კრემლს გამოეგზავნაო. ეს მას მოუგონეს, რადგან მისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო ქართული ნაციონალიზმი და მესიანიზმიო. სიგუამ თქვა, მე ვიზიარებო მერაბის აზრს, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. ჯაბა იოსელიანსაც ვკითხე მამარდაშვილზე და როგორც მას სჩვეოდა, ქილიკი დაიწყო. ისეთი ვერაფერი თქვა, რომ აქ მოსატანი იყოს.
რამდენმა გაზეთმა გალანძღა მამარდაშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ თავი მოეჩვენებინა მკითხველისათვის, თითქოს ის ეროვნული გამოცემა იყო. მამარდაშვილზე წერისას ერთობ ბევრმა ავტორმა გამოავლინა თავისი უმეცრება, გულშავობა და ზვაობა.
მამარდაშვილი პირველდამწყები იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს და ის აღემატა მის თანამედროვე ყველა ქართველ ფილოსოფოსს. მამარდაშვილის სიტყვა ისმოდა მოსკოვსა და ლენინგრადში, პარიზსა და რომში. ამას ვერ იტყვი 90-იანი წლების ვერც ერთ ქართველ ფილოსოფოსზე.  ბევრი კრიტიკული რამ, რაც მამარდაშვილის მიერ ითქვა, დღეს გაცრეცილია, რადგან უარესი ბოროტება მოვიდა, რაც დაამკვიდრა ლიბერალ-კაპიტალიზმმა.  რაც ფილოსოფიაში არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ისიც კი დიდად ჩანდა, რადგან საბჭოთა ცენზურა კრძალავდა ან არ აძლევდა გაშლის შესაძლებლობას (მაგ., აქსიოლოგია).  აკრძალვა წარმოაჩენდა დიდ საგნად იმას, რაც ისეთი არაფერი იყო. ამაზე სპეკულირებდნენ ქართველი ფილოსოფოსები, რომელნიც მეტაფიზიკას და რელიგიას საკლისობდნენ.
ქართველ ფილოსოფოსთა მიერ ვერაფერი ითქმის ისეთი, რაც დროს გაუძლებს. მათი ლაპარაკი არის კონფორმისტული სიტყვა და მეტი არაფერი („ჩვენ არ გვინდა პლატონიდან მომდინარე სოციალიზმი“, „ისტორიული მატერიალიზმი და ათეიზმი სატანური მეცნიერებაა“ და მისთანანი).  ნასახიც არაა ქართველ ფილოსოფოსთა შორის რაიმე დასისა. მიმართულების, მიმდინარეობის შექმნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. აქამდე თუ არაფერი შეიქმნა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტზე, არც შეიქმნება. ქართველმა ფილოსოფოსებმა 80-იანი წლების ბოლოდან თავი მოაჩვენეს  ბოლშევიკური მატერიალიზმისაგან ტანჯულ იდეალისტებად. მათ შექმნეს მაისტერ ეკჰარტისა და  მარტინ ჰაიდეგერისაკენ სწრაფვის ილუზია. ყველაფერი დაბოლოვეს შევარდნაძის აპოლოგიით. ქართველ ფილოსოფოსებს შურდათ მამარდაშვილისა და სძულდათ ის. არავინ დღემდე თავს არ იდო მისი შესწავლა. 2000 წლის ნოემბერში შესრულდა ათი წლისთავი მამარდაშვილის სიკვდილიდან. რუსებმა ამის აღსანიშნად მოაწყვეს სამეცნიერო სემინარები, გამოიცა მასალები. თსუ-ში კი არც გახსენებიათ. ფილოსოფიის ფაკულტეტზე ამ წელს შევარდნაძის გაქანებული მეხოტბეობა იდგა გურამ თევზაძის და სხვათა თაოსნობით. ფილოსოფიური ცხოვრება ჩამკვდარი იყო. ისიც არ გაკეთდა თსუ-ში, რომ მოსკოვიდან შეეძინათ მამარდაშვილზე გამოცემული მასალები და დაედოთ წიგნსაცავში. პარლამენტის ბიბლიოთეკას ამდენი წლის გასვლის შემდეგ არ შეუძენია მოსკოვში მამარდაშვილის ბოლო წლებში გამოსული შრომები. აქ უნდა იყოს ყველაფერი მისი და მასზე. თუ ამის აუცილებლობა აქამდე ვერვინ შეიგნო, აღარც აქვს აზრი ამაზე ლაპარაკს.  ეს არის ინდიფერენტიზმი. ფეხებზე ჰკიდიათ მამარდაშვილი და ეგაა. მისას არას კითხულობენ ქართველი ფილოსოფოსები და არავინ ცდილობს საქართველოში, რომ წარმოაჩინონ თავისიანი  მსოფლიოში, რომელმაც საბჭოთა ცენზურის დროს იდეოლოგიური ყინული დაძრა და სიცოცხლე შთაბერა ფილოსოფიურ ცხოვრებას იმპერიის ცენტრში.  სხვა ქვეყნებში თავის ჰუმანიტარებს ყველანაირად წარმოაჩენენ და შრომები უცხოეთში გააქვთ. კონფერენციები ეწყობა, მრგვალი თარიღები ახსოვთ.  საქართველო რა უკუღმართიც აქამდე იყო, ისევ ისაა. 2005 წლის სექტემბერში მამარდაშვილის დაბადებიდან შესრულდა 75 წელი. 2010 წელს შესრულდა 80 წელი მისი დაბადებიდან და 20 წელი მიცვალებიდან. ყურიც რომ არავინ გააბარტყუნა არც თსუ-ში,  არც ფილოსოფიის ინსტიტუტში.   ერთმა არ თქვა, რომ რაღაც უნდა მოეწყოს და ასე გაჩუმება არ ეგების. ეს მაშინ, როცა თავის იუბილეებს იწყობდნენ შევარდნაძისა და შემდეგ სააკაშვილის ფილოსოფოსი გურამ თევზაძე და სხვები.  არ დაწერილა არც  დისერტაცია, არც მონოგრაფია მამარდაშვილზე. არაფერი გაუკეთებია ფილოსოფიის ინსტიტუტს. არც მთავრობიდან მოსულა მოთხოვნა, რომ მამარდაშვილი საქართველოში შესწავლილ უნდა იქნეს და დაიდოს გამოკვლევები, ჩატარდეს სემინარები. ყველამ მიივიწყა მამარდაშვილი და ეს არის ტიპური ქართული უკულტურობა.
80-იანი წლების მიწურულიდან ქართველი ინტელიგენტი ადამიანის ცხოვრების საზრისზე აყენებდა კითხვას და ბიბლიის მოხმობაში გაბეჯითდა. არსებულ სიძნელეებს ის მარქსსა და ლენინს აბრალებდა. ინტელიგენტი ღმერთებს ეპოტინებოდა და სულობაზე უბნობდა. ბოლოს კი ის პოლიტიკურ ჩეჩმაში თავით ჩაეყუდა და დღემდე ასე ჰგია. ბოლოს ისევ ის ნაქართლი გამოვიდა, რაც კარგად ცნობილია საქართველოს ისტორიიდან. ბოლოს ისევ ის არაფერი და არაფრობა. მაშინ ზოგმა ნიცშე აიტეხა, ზოგი ორფიკულ ჰიმნებს განმარტავდა, მავანი ინკებისა და აცტეკების პანთეონსაც გადასწვდა.  ისე ჩანდა, რომ აზრი იბადებოდა, დვრიტა იკვრებოდა.  გამოვიდა კრებულები და საფილოსოფიო ჟურნალი „ლარი“.  სინამდვილეში ქართველი ფილოსოფოსი არანაირმა იდეამ არ შემსჭვალა. არანაირმა საფიქრალმა ის არ გატანჯა. ეს მესულეობა და ბიბლიაზე მითითება იყო სიყალბე. იყო ცრუ დრამატიზება, თავის ლიბერტინად (თავისუფალ მოაზროვნედ) გასაღება ყანყალა ინტერვიუებში. ეს ის დროა, როცა საქართველოში ერთი ალიაქოთი დადგა თენგიზ აბულაძის ყოვლად იდიოტური ფილმის „მონანიების“ გამო. ამ ფილმის კომენტირებაში ეჯიბრებოდნენ ერთურთს ქართველნი და ეს განსაკუთრებული რაღაც ეგონათ. ქართველთა მოდგმის დიდი სირცხვილია ამ ფილმის გადაღება. ეს არაა კინოხელოვნება. ეს არაფრობაა.
რამდენი ფილოსოფოსი იყო ეროვნულ მოძრაობაში (ირაკლი ბათიაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, ნოდარ ნათაძე, ვახტანგ გოგუაძე და ბევრი სხვა). ბედის დაცინვის გარდა სხვა კი რა იყო, რომ ამდენი ფილოსოფოსის ხელში მყოფ ეროვნულ მოძრაობას ბოლოს ასეთი უბედურება დაეთია თავს.  დღეისათვის ბევრი რამ ითარგმნა (ჰაიდეგერი, ფუკო, სარტრი და სხვები), მაგრამ ქართველთა მოდგმა დარჩა უსმი და უგები ფილოსოფიის მიმართ.  ახლა რამდენი ფილოსოფოსია პოლიტიკაში (მიხეილ მახარაძე, გიგი თევზაძე, გია ნოდია, სერგო რატიანი და სხვ.) და რა იქმნება? სად დგას ქართველ ფილოსოფოსთა უმეტესობა, თუ არა სახელისუფლო ბანაკში? აქვს აზრი იმას, რომ მათ ლაპარაკი დაუწყო თუნდაც ყველაზე მცირე საკითხზე? ქართული ფილოსოფია სრული პლურალიზმის ვითარებაშიც კი დარჩა პარტიულ ფილოსოფიად, სახელისუფლო მეცნიერებად და კონფორმიზმის დისციპლინად.  აბა თქვას რაღაც მამარდაშვილის შრომების რედაქტორმა გია ნოდიამ ისეთი, რომ ყურის საგდებად ღირდეს. ნოდია ერთ-ერთია,  ვინც მამარდაშვილის სახელი პოლიტიკური კარიერისათვის გამოიყენა. 
მაშინ, მონოპარტიული იდეოლოგიის ჟამს იყო მხოლოდ დიალექტიკური მატერიალიზმი. ყურადსაღები ისაა, რომ ათეისტური ფილოსოფიაც კი ვერვინ განავითარა საქართველოში. ვერვინ წაიკითხა ფრანგი ათეისტები ისე, რომ შეძლებოდა მათი ინტერპრეტაცია. ესეც ხომ მარქსიზმ-ლენინიზმის ბრალი არ იყო? ათეიზმი ფილოსოფიური დისკურსის განუყოფელი ნაწილია.  სწორედ იმ ჰაიდეგერმა, რომელსაც ასე მოსაჩვენებლად ესწრაფოდნენ 90-იანი წლების ქართველი ფილოსოფოსები, შექმნა ისეთი ფილოსოფია, რომელიც უშუალო მიმართებაშია ფრანგულ ათეიზმთან.  ეს დაინახა ჰაიდეგერის განაკვალში მდგომმა, საქართველოში ადრევე კარგად ცნობილმა  ჟან პოლ სარტრმა.
მაშინ მონისტური საბჭოთა იდეოლოგია იყო და ის ბევრს კრძალავდა, მაგრამ დღეს, პლურალიზმის ვითარებაში ამთავრებენ ფილოსოფიის ფაკულტეტს და მიდიან ხელისუფლებაში, მიდიან NGO-ებში (არასახელისუფლო ორგანიზაციებში) საკარიერო მიზნით.  ეს NGO-ები არის ტრამპლინი მოლიბერალო კარიერისტებისათვის, როგორც ადრე იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი კომპარტიის აპარატში მოსახვედრად კომუნისტი მედროვეებისათვის. არასამთავრობოები ხდებიან სამთავრობოები. ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. გამოიცემა შემეცნებისათვის უფასური წიგნები, სავსე ლიბერალიზმის იმ სტერეოტიპებით, რომელნიც დისკრედიტებულია 90-იანი წლებიდანვე. ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტები დაიარეს, წლობით დასავლეთში იყვნენ და რა? რა ფილოსოფიური იდეები გამოთქვეს?  რომელიმე მათგანს ადარდებს საქართველოს უბედურება?  რომელიმე მათგანი ამბობს რაიმე ღირებულს დასავლეთის ცივილზაციის კრიზისზე? 
ტოტალიტარული ფენომენი, რაზეც მამარდაშვილი წერს თავის „საუბრებში“, სინამდვილეში ევროპამ შვა და არა რუსეთმა. პროტესტანტული რეფორმაცია სწორედ კათოლიკურ-მონარქიულ ტოტალიტარიზმთან ბრძოლა იყო.  დასავლეთმა დივერსიის მიზნით მოიგონა, რომ ტოტალიტარიზმი რუსეთმა შვა. ის იყო ევროპული მოვლენა და რახან პროტესტანტების ბრძოლა ვატიკანთან კარგა ხნის გარდასული იყო და დაკარგული ჰქონდა პოლიტიკური აქტუალობა, ამიტომ ტოტალიტარიზმის წარმოშობა ბოლშევიზმს დაბრალდა. 1789 წლის საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ ტოტალიტარიზმი იყო, რადგან ათასწლოვან ფეოდალიზმთან ბრძოლა და ბურჟუაზიისათვის ისტორიული პერსპექტივის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელი იყო. ნაპოლეონის მოსვლის შემდეგ რევოლუციური ტოტალიტარიზმი გაძლიერდა საიმპერატორო ხელისუფლების მიერ. ეს კი განზრახ არ გაიხსენეს ბოლშევიზმის მაგინებლებმა. ბოლშევიზმამდე ევროპის და საერთოდ მსოფლიოს ისტორიაში ტოტალიტარიზმის გარდა სხვა კი რა იყო? 
მამარდაშვილი მოუწოდებდა მსმენელს: „განვწმინდოთ ჩვენი ცნობიერება და აზროვნება სტერეოტიპებისაგან ... დავინახოთ რეალობა...“ („საუბრები ფილოსოფიაზე“. თბ., 1992, გვ. 172). ეს სწორი იყო, მაგრამ ლიბერტარიზმმა დაამკვიდრა უფრო ვერაგი სტერეოტიპები. ისტორიული მატერიალიზმი, რომელსაც მერაბი აუგად ახსენებს, არც მთლად ასე გასააბუჩები დისციპლინაა. შრომისა და კაპიტალის ანტაგონიზმის პრობლემა განა უფრო მეტი სიმწვავით არ დადგა ლიბერტარიანულ ეპოქაში? განა შრომისა და კაპიტალის საკითხზე, რომელიც შორს სცდება მარქსიზმს, არ ლაპარაკობს მრავალი დასავლელი მეცნიერი 2009 წლის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ აშშ-ში?   
ქართველს  უჭირს აზრის ავტარკიულობისა და ავტონომიურობის დაცვა. მას არ შეუძლია რაიმე იდეის მიდევნა და მსახურება. მას კარგად ეხერხება ვერბალური იმპროვიზაციები და პოლიტიკური იმიტაცია. ქართველი არასოდეს არაა ნონკონფორმისტი, მაშინაც კი, როცა ამის დიდი აუცილებლობა დგება. ახლა ლიბერალ-კაპიტალიზმის ფორმაციული კრიზისი მწვავდება და მთლიანად ეს წყობილება ბოლოსკენ წავიდა. ამაზე თავად დასავლელი ფილოსოფოსნი წერენ. ეს საკითხი ტაბუირებულია ქართულ ჰუმანიტარისტიკაში. ყველგან კონფორმიზმი და მოჩვენებითობაა.  საქართველოში შექმნილმა კაცთმოძულებრივმა სისტემამ გააჩუმა ყველანი ათჯერ შეყვედრებული სალექტორო ჯამაგირის პირში ჩაჩრით. უნივერსიტეტის ქირის კაცებად ქცეული ჰუმანიტარები ახლებური ყაიდით ატყუებენ ქვეყანას, რომ თავისუფალ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან და სტუდენტობას საკუთარი აზრის გამოთქმას ასწავლიან.  საქართველოში ვერ იქმნება ინტელექტუალთა ორგანიზებული კლასი ან სტრატა. ვერ იქმნება დასი პოლიტიკური ან რელიგიური იდეის გარშემო.  ახლა ჰხამს ახალი დისიდენტობის დაწყება. მხოლოდ საგაზეთო რაინდობა, მარქსის დაცინვა და ბრიფინგებზე ბრძნობა არაფერს ნიშნავს. რად არ დაისმის ქართველ ფილოსოფოსთა მიერ კითხვა: რა არის ახლანდელ ჟამს ღმერთი? რას ნიშნავს ამ ავჟამობაში ეს სიტყვა? რა უნივერსული იდეა უნდა ჰქონდეს ისტორიას, როდესაც კაპიტალისტური ფორმაცია სრულდება?  
არსად ასე ბოროტად არ მოჰქცევია თავის ქვეყანას წიგნიერ ადამიანთა კლასი, როგორც ეს ქართველმა ინტელიგენციამ გააკეთა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს არა ჰყავს თავისი მიწისა და მოდგმის მოყვარე პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა. რა ამბავია პრესაში და ერთობა კი არსადაა.
მამარდაშვილის დანაშავარი ისაა, რომ იგი არ უნდა დამდგარიყო ოპოზიციური ინტელიგენციის გვერდით. მერაბმა თვალი დაიბრმავა და არ დაინახა, რომ ოპოზიცია ყველა თავის მსჯელობაში იყო ზერელე და ფრაზიორი. მას არც ზნეობრივი პრინციპი გააჩნდა და არც იდეის მიმდევარი იყო. ეს ინტელიგენცია სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ლიბერალი ამ სიტყვის საუკეთესო  გაგებით. ეს ინტელიგენცია ვერ შექმნიდა ეპოქას, როგორც ეს შექმნეს თავდადებულმა ევროპელმა პროტესტანტმა ლიბერალებმა XVI-XVIII საუკუნეებში.  ეს ინტელიგენცია ვერ გაავლებდა ხნულს პოსტსაბჭოთა დროში. ის ყოველთვის იქნებოდა ის, რაც იგი იყო 1992-6 წლებში. მას არც ჭეშმარიტება ადარდებდა და არც სამშობლო. მერაბმა არ მოისურვა ამის დანახვა, რადგან ის ზვიადს ექიშპებოდა და თავად სურდა ყოფილიყო ერის აზრთამპყრობელი და იდეური ბელადი. შეუძლებელია მერაბის მახვილ თვალს გამოჰპარვოდა, რა შვილიც იყო ოპოზიციონერი ინტელიგენცია. მერაბს არასოდეს არაფერი კრიტიკული არ უთქვამს ოპოზიციონერ ინტელიგენციაზე. არადა, ამ ინტელიგენციას აშკარად ეტყობოდა, რომ თავს აჩვენებდა, სისხლი სწყუროდა, ქვეყნის არევას და გაცარცვას ელამოდა. მამარდაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ქართველნი არასოდეს ყოფილან იმდენად ზნეკეთილნი და  კულტუროსანნი, რომ მათ შეძლებოდათ ევროპულ ლიბერალიზმზე თავისი ცხოვრების დაფუძნება. მერაბს სურდა წარმოედგინა, რომ ზვიადის მომტერე ქართველი ინტელიგენცია რაიმე საშვილიშვილო საქმის შემძლე იყო. აი ესაა მამარდაშვილის დანაშაული. მას უხამდა ეთქვა, რომ ინტელიგენცია ცუდად ავარდნილი იყო და ქვეყანას თავზე დაიმხობდა. მას უნდა დაენახა, რომ მის სახელს და მის ფილოსოფიას ამოეფარებოდნენ პოლიტიკური კინტოები და ქვეყანას მოაღორებდნენ. ეს იყო ინტელიგენცია, რომელიც ყველა სისაძაგლეს ჩაიდენდა გამსახურდიას მოსაკლავად და ეროვნული მოძრაობის ამოსაძირკვად.  მერაბმა თქვა, თუ ქართველი ერი გამსახურდიას აირჩევს პრეზიდენტად, მაშინ მე ჩემი ხალხის წინააღმდეგ წავალო. ეს მას არ უნდა ეთქვა. მისი ეს ნათქვამი ოპოზიციამ პირზე დაიკერა და თავის ბილწობას ამით ამართლებდა. სამესისხლოდ აღრენილი ინტელიგენცია მამარდაშვილის ამ ნათქვამზე მიუთითებდა და მსახიობურად ფილოსოფოსობდა.
ღვთის განგებულება თუ იყო, რომ მერაბი არ მოესწრო ქართველი ინტელიგენციის დაცემას 1991 წლის შემოდგომაზე და  1992 წლის დასაწყისში. მამარდაშვილი აღარ მოესწრო ინტელიგენციის დეკლასანტობისა და გაქრობის პროცესს. მან აღარ იხილა საქართველოს გაძარცვა ქართველთაგანვე და ომების მოღალატურად წაგება, შემდეგ ზვიადის წინააღმდეგ ატეხილი ისტერია და სიცრუე აფხაზეთის დაბრუნებაზე.  პოლიტიკის გააზრება  არ  გასცილებია ლუიზა შაკიაშვილის, შოთა ნადირაშვილის, იზა ორჯონიკიძის, გურანდა გაბუნიას, დიმიტრი ჯაიანის, ჯანსუღ ჩარკვიანის ინტერვიუების დონეს. ოც წელზე მეტი გამოხდა და მაინც ისევ აფრაკები პოლიტიკოსობენ.
ირაკლი ბათიაშვილთან შინ  შეკრებილან მამარდაშვილი და სხვები. ისინი ბჭობდნენ პოსტსაბჭოთა საქართველოს მომავალზე და მამარდაშვილის კიდევ ერთი დანაშაული ისაა, რომ მან ვერ განჭვრიტა ნეოკოლონიალიზმისა და დასავლური ამორალური პოლიტიკის საფრთხე. ის არ ოდნავაც არ შეეჭვდა დასავლური ლიბერტარიანული  გზის ჭეშმარიტებაში.  გასაგები იყო, რომ არსებობდა საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონები და  ყალბი ენა, მაგრამ განა იდეოლოგიური შაბლონები და სიყალბე დასავლეთში არ იყო? მაშ რამ დაბადა დასავლეთის ამდენი კრიტიკოსი თვით დასავლეთში 70-80-იან წლებში და უფრო ადრე?  სწორედ ფილოსოფოსს უხამდა ამის გააზრება, ამაზე უბნობა. მიუტევებელი შეცდომა იყო მანიქეველური ყაიდით იმის უკამათო დებულებად დამკვიდრება, რომ საბჭოეთი სატანურია და  დასავლეთი კი ბიბლიური სულიერებით აღვსილი. აი ამან დიდად ავნო 90-იანი წლების დამდეგის პოლიტიკურ დისკურსს.
რაც დღეს ხდება დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით, ამაზე  რად არას იტყვიან ქართველი ფილოსოფოსები? საუწყებო უსამართლობა, საბანკო ტოტალიტარიზმი და მევახშეობაა საქართველოში. რა შეძლო ქართულმა ჰუმანიტარისტიკამ განვლილ ოც წელიწადში, რომ რაიმე იყოს სათქმელი და ხელმოსაჭიდი?  რატომ არას იტყვიან დღემდე მამარდაშვილის სახელს ამოფარებული ლიბერალი მედროვეები იმაზე, რომ საქართველო ილევა?  ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა 2013 წლის შემოდგომისათვის არის ქართველთა მოდგმის კიდევ ერთი კატასტროფა. ეს არის ყველა პრინციპისა და ნორმის უარყოფა, რაც გამართლებულია იმით, რომ ქვეყანა ისწრაფვის ევროკავშირსა და NATO-ში.  რად ჩაუკმენდია ხმა ყველა იმ ფილოსოფოსს, ვინც გუშინ გაზეთებში  ინტერვიუებს ბანქოს ქაღალდივით არიგებდა? რა არის ქართული ფილოსოფია დღეს, თუ არა მიჩუმათება, გაქცევა და დამალვა სინამდვილისაგან?  აი ასე მიუზღო ქართველობას განგებამ გულზვაობისა და ცამდე ასული ტუტუცობის გამო.
1902 წელს არჩილ ჯორჯაძემ დაწერა: „სიბოროტითა და სიძულვილით აივსო ჩვენი გული და ქვეყანა. გრძნობებით გატაცებულნი, სიავით და სიაფთრით ღონემიხდილნი უნუგეშოდ, ურწმუნოდ შევყურებთ ბურუსით მოცულ მომავალს...“.
განა ახლაც ასე არაა? თუ სულ ასეა საქართველოს ისტორიაში, მაშინ რა ყოფილა ქართველთა მოდგმა? საქართველოს უახლოესი წარსული ქართველთა ყველაზე დიდი მამხილებელია. აი ამ დარჩენილ, მცირედქმნილ საქართველოს ვერ პატრონობენ ქართველნი.  არჩილ ჯორჯაძემვე თქვა: „... კეთილი და ბედნიერი მომავალი შედეგია კეთილი წარსულისა და თუ ეს წარსული უვარგისია, კარგი მომავლის იმედი მცირეა“. 
განა ზვიადმა კი არ უწყოდა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა იდგა? ქართველთა გამოღვიძებისათვის იყო საჭირო მისი ნაციონალიზმი და მესიანიზმი. მხოლოდ ლიბერალიზმის პოსტულატების მომხრეობა ცოტას ნიშნავდა. ქართველთა სამერმისო კონსოლიდაციისათვის იყო საჭირო ნაციონალიზმი და ქართული მესიანიზმი იმ დროს, როცა საბჭოთა იმპერიის დაშლა ღალატის გზით დაიწყო თავად ამ იმპერიის პოლიტიკურმა ელიტამ. ზვიადს თავიდანვე სურდა, რომ პოლიტიკა ყოფილიყო ქრისტიანული და ზნეობით აღვსილი, როგორც ამას თავად დასავლეთი ამტკიცებდა 90-იანი წლების დამდეგს. ზვიადს სწამდა დასავლეთის ამ სიტყვისა. მერაბ მამარდაშვილს ეს უნდა დაენახა და უთუოდ აღენიშნა.  ერთი საკეთილო სიტყვა არ თქვა მერაბმა ზვიადზე.  დასავლელი ლიბერტარი თავად იყო მესიანისტი. ის თავის მესიანიზმს გამოთქვამდა საბაზრო ეკონომიკისა და ლიბერალური ფილოსოფიის ცნებებით. განა ამას ვერ ხედავდა ევროპული ფილოსოფიის მცოდნე მამარდაშვილი? თავისი მსჯელობით მან კიდევ უფრო გაახელა პოლიტიკურ პოზიორობას შეყენებული ოპოზიციონერი ინტელიგენცია. მხოლოდ იმის თქმა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ზვიადის ულტრანაციონალიზმი, ცოტას ნიშნავდა. განა ასეთივე ულტრანაციონალიზმი არ იყო ბალტიისპირეთში? იქაური ნაციონალიზმი გაცილებით თანმიმდევრული და კონსოლიდირებული იყო, ვიდრე ქართული ნაციონალიზმი. ქართულ ნაციონალიზმს ძირშივე წამლავდა ოპოზიციური ინტელიგენციის ზერელე მედასავლეთეობა და პოლიტიკანური თეატრალობა. ზვიადის ბრალი არ იყო ის, რაც ქართველთა ეთნიკური თვისებებიდან მომდინარე ზადიერება იყო და იქნება ყველა დროში. შეუვალი ფაქტი ისაა, რომ ქართველთა წიგნიერი კლასი არაა თავისი ქვეყნის მოყვარე და თავის განათლებას მხოლოდ ანგარების შესანიღბად იყენებს.  მთელი უახლოესი წარსული უწყვეტი უბედურებაა და მაინც  ვერ შვა ქართლმა მამულის მოდარაჯე შორსგამხედავი კაცები.
ზვიადის მოძულე ინტელიგენციამ მამარდაშვილის სახელი თავისი უმსგავსობის დასაფარად  და თავის მოსაჩვენებლად რომ გამოიყენა, ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 1992 წელს გია ნოდიას რედაქტირებით გამომცემლობაში „მეცნიერება“  10 ათასიანი ტირაჟით გამოიცა მამარდაშვილის „საუბრები ფილოსოფიაზე“ (ლექციების ციკლი). 1992 წელსვე გამომცემლობაში „ჩელმი“  5 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა მამარდაშვილის საუბრები ანი ეპელბუენთან. წიგნს ეწოდება „ჩახშული ფიქრი“. საუბრები ფრანგულიდან გადმოთარგმნა ზვიადის მოწინააღმდეგე მზია ბაქრაძემ.  ეს საუბრები დაიბეჭდა ჟურნალში Вопросы философии.
რამდენჯერაც ეს წიგნები გადავშალე, იმდენჯერ ვიფიქრე: რა მზადდებოდა საქართველოსათვის მისივე ინტელიგენციის სიბრმავისა და შლეგობის გამო და როგორ თავს აჩვენებდნენ ამ წიგნების გამოცემით, რომ შორსგამხედველნი და ცოდნიერნი იყვნენ. მოგვიანოდ, 1994 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა გია ნოდიას რედაქტირებით გამოსცა მცირე წიგნი:  М.К. Мамардашвили. Классический и неклассический идеалы рациональности.  ამის იქით მამარდაშვილისა საქართველოში არაფერი გამოსულა არც ქართულად, არც რუსულად.
მივუბრუნდეთ იმ გამონათქვამს, რის გამოც მამარდაშვილი წლების მანძილზე საქვეყნოდ იკილებოდა. გაზეთში  Заря востока ( 25 июня 1989 года, стр. 4) მერაბმა თქვა: «Я истину ставлю выше моей родины и у меня возникает вопрос: многие ли грузины способны поставить истину выше видимого интереса своей родины? А если не могут, то они плохие христиане».
აქვე ცოტა ზემოთ კი მამარდაშვილს სულიერებაზე ნათქვამი აქვს: «...ибо суть её (духовности- გ. გ.) в том, что выше родины и в ней (в духовности- გ. გ.) всегда стоит истина».  მამარდაშვილი აქვე მიუთითებს, რომ ეს ქრისტიანული მცნებაა. ეს მისი საუბარი მოგვიანოდ  შევიდა წიგნში: М. Мамардашвили. Как я понимаю философию. Изд. «Прогресс», Москва, 1991, стр. 201-11.
რასაც მამარდაშვილი აქ ამბობს, სავსებით სწორია, მაგრამ ამ ნათქვამით იგი ცდილობდა დაპირისპირებოდა გამსახურდიასეულ ქართულ მესიანიზმს.  თავისი ეს მსჯელობა მამარდაშვილს გამოჰყავდა დასავლური ლიბერალიზმის ფილოსოფიიდან. რასაც მამარდაშვილი აქ ამბობს, ის სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მესიანიზმს. იმ მომენტში გამოვიდა ისე, რომ ამ ნათქვამით მერაბმა ზვიადისეული ქართული მესიანიზმის კონტრარგუმენტი წამოაყენა. ზემოთ ვთქვი და კვლავ ვიტყვი, რომ დასავლური ლიბერალიზმი სინამდვილეში სეკულარული ცნებებით შენიღბული  მესიანიზმი იყო. მამარდაშვილს ამაზე არსად ულაპარაკია. მაშინ აქტუალური იყო საბჭოთა ცენზურისაგან აზრის დახსნა და ყოველივე დასავლეთიდან მოწოდებული, რაც ამისთვის გამოდგებოდა, ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოთა იდეოლოგიასთან ფილოსოფიურ დავაში.
ჭეშმარიტება რომ სამშობლოზე მაღლა დგას, ეს რა საკამათო იყო? ამაზე რატომ მოსდიოდათ გული საქართველოში? თუ ბიბლიაში ჩაგიხედავს, ეს მყისვე უნდა შეიგნო. ამის შეგნებას სულაც არ ესაჭიროება ფილოსოფიური წიგნების წლობით კითხვა. მამარდაშვილს ერთნი შურის გამო გმობდნენ, სხვანი უსასოო ქართული პროვინციალიზმისა და გულშავობის გამო.  თავს აჩვენებდნენ  ნაციონალისტებად. საკუთარს ვერას ამბობდნენ და სხვის გმობაში დაოსტატებულნი იყვნენ.
ქართველთა არაფილოსოფიურობა წარმოაჩინა მამარდაშვილის გარშემო ატეხილმა ყიამყრალობამ. კიდევ იმან წარმოაჩინა ეს არაფილოსოფიურობა, რომ ზვიადს წლობით ბრალს სდებდნენ სატანიზმში, რახან ის რუდოლფ შტაინერის მოძღვრებით შეიმსჭვალა. ოპოზიციური ინტელიგენცია და მას ადევნებული ჩიტირეკია ჟურნალისტები ქვეყანას არწმუნებდნენ, რომ შტაინერიზმი სატანიზმი იყო და თავადაც არ უწყოდნენ, რას ამბობდნენ. ოღონდ ზვიადის სახელი ტალახით მოეთხვარათ და საკუთარი შლეგობა, მესისხლეობა და უიდეობა ლიბერალიზმით გაემართლებინათ. შტაინერიზმი თბილისში რუსეთიდან აღწევდა 70-80-იან წლებში.  ჩამოსულან კიდეც რუსი შტაინერიანელები. ოპოზიციონერთა შორის რამდენი იყო ისეთი, ვინც ანთროპოსოფოსების შეკრებებზე დადიოდა. საბჭოთა იდეოლოგიამ ამოსასუნთქი არსად დატოვა და შტაინერის ანთროპოსოფია იყო თავშესაფარი მეძიებელ კაცთათვის. იყვნენ სნობებიც, რომელნიც თავს იქცევდნენ ასტრალურ სხეულზე და სულთა გარდასახვაზე ლაპარაკით.
საქართველოში მამარდაშვილის ამ ნათქვამის გამო ასეთი ამბავი არ უნდა დაწყებულიყო კიდევ აი რატომ: 1981 წელს გამომცემლობაში „საბჭოთა საქართველო“  30 ათასიანი ტირაჟით  გამოვიდა ქართული ფილოსოფიის დიდი მაშვრალის, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი ბლეზ პასკალის „აზრები“.  1984 წელს მისივე თარგმნილი მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“  20 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა გამომცემლობაში „მერანი“.  მოგვიანოდ, 80 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა ლერი ალიმონაკის თარგმნილი ლაო ძის „დაო დე ძინი“. ეს ფილოსოფიური წიგნები ასეთი ტირაჟებით იმიტომ გამოვიდა, რომ განმანათლებლური მესიანიზმის იდეებს კომუნისტები აცხოველებდნენ.  ჰოდა, ეს წიგნები ხომ იკითხეს ქართველმა პროზაიკოსებმა, ფილოსოფოსებმა, ისტორიკოსებმა და სხვებმა?  თავისი აზრიც გამოთქვეს ამაზე სხვადასხვა გამოცემებში. ამ წიგნებში ხომ ძალუმად სჭვივის ის იდეა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას?  განა ამის შემდეგ სალანძღავი უნდა ყოფილიყო მამარდაშვილი? ესე იგი მაშინ აჩვენებდნენ თავს, როცა პასკალისა და მარკუს ავრელიუსის წიგნებს აღტაცებულნი კითხულობდნენ.  მამარდაშვილის ნათქვამის შემდეგ კი გამოაჩინეს, რომ უსმნი და უგებნი ყოფილან. მათ ვერ გაიგეს ამ წიგნების ფილოსოფია.
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ 1997 წლის დეკემბერში გამართა დისკუსია „ერი და ჭეშმარიტება“. სიტყვით გამოვიდნენ ზურაბ კიკნაძე, გიორგი გაჩეჩილაძე. განიხილებოდა მამარდაშვილის ეს გამონათქვამი. იყო ჩოჩქოლი, გაგულისება, ყვირილი.  ამ პოლემიკაზე დაიწერა ნოდარ ნათაძის ზემოთ ნახსენებ გაზეთში.  თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის  კათედრებიდან, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან მოსულნი მონაწილეობდნენ კამათში. კამათის საგანიც ვერ დაადგინეს. დანარჩენზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. პოლემიკა დარჩა უნაყოფო და ბოლოს არაფერი დადგენილა.
მამარდაშვილის მოყივნებისას არ დაისვა კითხვა: თუ  ლიბერალური დემოკრატია ყველა ხალხისათვის არის ერთადერთი მისაღები და საბოლოო წყობილება, მაშინ რა აზრი აქვს თვითმყოფადობის სახელით სამშობლოების და ხალხების განცალკევებულ არსებობას? მაშინაც კი, თუ დემოკრატიის აპოლოგეტი ხარ და მართლა გმსჭვალავს საბაზრო ლიბერალიზმის პრინციპები, შეუძლებელია ეს კითხვა არ დაგებადოს და არ დაგტანჯოს. ეს კითხვა კი სწორედ მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიიდან იღებს დასაბამს და ლიბერალიზმის ეპოქაში მან  სხვა ცნებებში ჰპოვა გამოხატულება, ვიდრე ეს რომაელ სტოიკოსთა დროს იყო.     
მარკუს ავრელიუსი სხვას რას ღაღადებს, თუ არა ჭეშმარიტების სამშობლოზე მეტობას? განა მოციქულთა ეპისტოლეებში იგივე აზრი არ ჩანს? განა რასაც ქრისტეს ტრაგედია ეწოდება, ჭეშმარიტების სამშობლოზე აღმატებულებას არ ადასტურებს? განა მაცხოვარმა ის თქვა, რომ ახლა მე მამას შევთხოვ და რომაელთა წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას დავიწყებ ისრაელის დახსნისათვის?
კანტი რომ შემეცნების შესაძლებლობებს არკვევს და მის საზღვრებს ადგენს, ეს ჭეშმარიტების საკითხს ეხება და არა კანტის სამშობლოს. ოგიუსტ კონტი რომ ფილოსოფიას პირველი მეცნიერებიდან ამცრობს ერთ-ერთ მეცნიერებამდე,  ეს არ ეხება იმას, კონტს უყვარს სამშობლო თუ არა. პირობითი გამოთქმებია -გერმანული ფილოსოფია, ფრანგული ფილოსოფია. ფილოსოფიაში არ დგას სამშობლოს საკითხი. ასევეა თეოლოგიაში. წმინდა მამებთან ქრისტეს იმპერიაა მნიშვნელოვანი, სადაც აღსრულდება უფლის განგებულება. საერთო ფილოსოფოსსა და თეოლოგოსს შორის კიდევ ისაა, რომ ჭეშმარიტებაზე უბნობისას ორთავენი მესიანიზმთან არიან მიმართებაში.  საქართველოში ეს ვითარება ფილოსოფოსთა შორისაც არაა გააზრებული და სხვებზე რაღაა სათქმელი?  
ჩამოვიდა უცხოეთში სახელშეძენილი მერაბი საქართველოში. თავისი ფილოსოფოსობით მოიპოვა მან ავტორიტეტი. ის რომ სულ საქართველოში ყოფილიყო, მას ქართველნი ჯიუტად არ შეამჩნევდნენ. მისას არას გამოაჩენდნენ. რუსებმა კი გამოაჩინეს. მერაბი ქვეყნდებოდა ჟურნალში Вопросы философии.  ფრანგი და ესპანელი იწერდნენ მის საუბრებს. ევროპა იცნობდა მერაბს. ის ჩამოვიდა ამ  ამყაყებულ საქართველოში და ეს სიმყაყე მხოლოდ კომუნისტური ცენზურის ბრალით არ იყო. ნეტამც ასე ყოფილიყო. მეტი რაღა ექნა? ჩამოვიდა და როგორც სწამდა, ისე ისწავლებოდა. ქართლსა შინა ფილოსოფოსი გამოჩნდა, რომლის ხმა შორს გაიგონეს და დუნიამ დაინახა, რომ ქართველიც შეიძლება იყოს ფილოსოფოსი. ანი ეპელბუენის საუბარი მამარდაშვილთან ასეთი შეკითხვით იწყება: ფილოსოფოსისა და ქართველის ერთად დაყენება ცოტა უცნაური არაა?  („ჩახშული ფიქრი“, თბ., 1992, გვ. 5).
განა ქართველთათვის ეს დიდად საწყენი არ უნდა იყოს? ან ახლა რითი იცნობენ ქართველებს უცხოელნი?  კარგი რა არის სათქმელი?  რა სიქველით არიან ცნობილნი უცხოეთში მყოფი ქართველნი? რომელმა აქაურმა ფილოსოფოსმა გაიტანა ქართული ნააზრევი უცხოეთში და გამოაჩინა?
მამარდაშვილი იყო ფრანგული ფილოსოფიით აღზრდილი მოაზროვნე (გერმანულ ფილოსოფიას ის ამრეზით უყურებდა და ეს აღნიშნული აქვს ორ-სამ ადგილას), რუსულენოვანი ქართველი ფილოსოფოსი, რომელსაც აწუხებდა იდეოლოგიური ცენზურა, აბსურდული აკრძალვები და გამოსავალს მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებაში ხედავდა. მას ეჭვი არ შეუტანია დასავლეთის მტკიცებაში, რომ სწორედ ის შექმნიდა მსოფლიო ლიბერალურ უტოპიას საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. აი აქ, ამ ვრცელ ინტერვიუში, სადაც ლაპარაკია ჭეშმარიტების აღმატებულებაზე, მამარდაშვილს უხამდა დაეყენებინა საკითხი: მოდის ლიბერალიზმი თავისი ექსტრემისტული ვერსიით - ლიბერტარიზმით, მაგრამ შექმნის კი ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რაიმე ახალს? თუ ის აქ ისევ გაიმეორებს იმავე ნეოკოლონიალიზმს, რაც მან, XX საუკუნის პირველ ნახევარში  დაამკვიდრა აზია-აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში? 1989-90 წლებში ყველაზე არსებითი ეს იყო ქართული პოლიტიკისათვის. მამარდაშვილს არსად უხსენებია დასავლეთის თვით დასავლელი კრიტიკოსები.  შეუძლებელია მას მათზე არა სცოდნოდა რა. ზვიადი გრძნობდა ამ საფრთხეს დასავლეთის მხრიდან და მას რომ დასცლოდა, საქართველო არ გაიძარცვებოდა, საქართველოში არ დამკვიდრდებოდა კაპიტალიზმი თავისი ყველაზე საძაგელი გამოვლინებებით. არ იქნებოდა გაბოგინებული აი ეს კომპრადორული ქართული ბურჟუაზია, რომელიც არაა ქვეყნის მოყვარე.   
მამარდაშვილის გმობისას ბევრჯერ ითქვა, რომ „ხალხი არავის აპატიებს“.  კი მაგრამ ვინ არის ხალხი?  სადაა საქართველოში ხალხი, როგორც პოლიტიკის სუბიექტი?   რა ხალხია ის, რომელიც ამდენ გამცემს და ავაზაკს წლობით აბოგინებს და პატივში ჰყავს?  რა ხალხია ის, რომელიც ამ ცხოვრების სამუდამო ბითურებს ბრძენებად რაცხს და პანთეონებში მარხავს?  მამარდაშვილზე მეტი იცის ხალხმა?  განა ხალხს ოდესმე შეუძლია ფილოსოფოსის განსჯა? სხვა რაში წარმოაჩინა ქართველმა ხალხმა თავისი ხალხობა, რომ მამარდაშვილის სინჯვა და განსჯა დაიწყოს? სამშობლო კი არ უნდა მოიწონოს ფილოსოფოსმა, არამედ ფილოსოფოსი უნდა მოიწონოს სამშობლომ. ფილოსოფოსს არ ეგების უბირთა წინაშე ლაქუცი და მათგან მოწონების მოლოდინი.  სწორი იყო არისტოტელე სტაგირელი, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი იმ მრწამსით აღზარდა, რომ მაკედონია კი არ არის მისი სამშობლო, არამედ მთელი დუნია და ის ელინიზებულ უნდა იქნეს, რადგან ელინობა წუთისოფლის ბნელში შუქის შეტანაა.
რა არის სამშობლო?  ის უპირველესად არის გარშემომყოფი ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ ის არის კულტურული დანატოვარი, მიწა და ა.შ.. მეძიებელი ადამიანი ანიჭებს სამშობლოს საზრისს და არა სხვა რამ. ქრისტიანობა უპირველესად არის მოყვასობა და ამის შემდეგ არის მოდის თეოლოგიური დოგმები, საეკლესიო დანაწესი, ეკლესიის მამათა ნათქვამები. ქრისტიანობა არ არის მოციქულთა და მამათა ნათქვამების წარამარა მოხმობა, გაზეთში სახარების ბეჭდვა და ამით სულობის მოჩვენებითობის შექმნა.
ნეოპლატონელ იამბლიქეს თავის წიგნში „პითაგორას ცხოვრება“ (მე-6 თავის დასაწყისი), აღნიშნული აქვს, რომ გადმოცემის მიხედვით პითაგორა სამოსიდან იტალიაში გაემგზავრა, რადგან მას შესძულდა სამოსი მის მცხოვრებთა უვიცობის გამო.  პითაგორა თავის სამშობლოდ მიიჩნევდა იმ ქვეყანას, სადაც არის მრავალი ადამიანი, ადვილად რომ ემორჩილებიანო განსწავლას. 
თუ ქართველთათვის სამშობლოა ჭეშმარიტებაზე მაღლა მდგომი, ან მათ თავად სამშობლო მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, მაშინ რატომ ვერ უვლიან ისინი ერთ ციცქნა სამშობლოს? რატომაა საქართველო უკანასკნელი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ? აი ეს შმორიანი სამშობლო არის ჭეშმარიტებაზე მაღლა მდგარი? მთელი საქართველო არის ოფშორული ზონა, სადაც ყველაფერი ოფშორიზებულია და ესაა ის სამშობლო, ჭეშმარიტებაზე მაღლა რომ აყენებენ? საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ამდენი მამულის გამყიდველი და პოლიტიკური გიჟი ჰყავს. ამაზე ვერაგული სასჯელი განგებისაგან სხვა რაღა უნდა იყოს, რაც საქართველოში ხდება? განა ხალხი, რომელმაც საკუთარი ეროვნული მოძრაობა სამუდამოდ ამოშანთა, შევარდნაძეს ვედრებით მუხლის-კვერებზე დაუდგა, რათა ის საქართველოდან არ წასულიყო, უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ სამშობლო დგას ჭეშმარიტებაზე მაღლა და არა ისე, როგორც მამარდაშვილი ამბობდა? 
                                                 ****************
ვფიქრობ, რომ ამ წერილში მკითხველისათვის საგულისყუროდ წარმოვაჩინე ჩემი აზრი მერაბ მამარდაშვილზე. მის რუსულ ნაშრომთა განხილვას, რაც მოსკოვში გამოვიდა 90-იანი წლების ბოლოდან, სხვა დროს შევუდგები. იმას კი ვიტყვი აქ, რომ მის განსჯას ბევრგან აკლია სიღრმე, სიმძიმე და მრავალწახნაგოვნება. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ იგი ბიძგის მიმცემი, პირველგამკვლევი იყო და მის კრიტიციზმს, მის რეფლექსიას  რელიეფურად ატყვია გასული საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების დამდეგის  ინტელექტუალური გარემოს დაღი. იყო დიდი მოლოდინი, იყო მათი რწმენა და იდეური ერთგულება განმანათლებლობის კონცეპტებისადმი, ვინც ალალად ცდილობდა შეექმნა ლიბერტინაჟი (თავისუფალი აზროვნება) კრიზისულ საბჭოთა სინამდვილეში. ეს იყო დიდი მორალური ავანსი, რომელიც დასავლეთმა მიიღო გარდასული საუკუნის საბჭოთა ინტელექტუალთა მხრიდან, რომელნიც აღმოჩნდნენ ევროპული განმანათლებლობის ბოლო თაობა. 90-იან წლებში განმანათლებლობა როგორც ასეთი, ლიკვიდირებულ იქნა დასავლელი ლიბერტარების მიერ. მაშინდელი ინტელექტუალების რწმენა გამქრალია ახლანდელ ლიბერალებსა და ვესტერნისტებს შორის და დარჩა მხოლოდ შემგუებლობა, ანგარება და კონფორმიზმი.  
1989 წლის შემოდგომაზე მერაბმა დაწერა: "რანი ვიქნებით? ჩვენი ბედის აქტიური შემოქმედნი? მაშინ ჩვენი ბედი მსოფლიო ჩარჩოში გადაწყდება; თუ დავრჩებით პასიურ სუბიექტად, რომელსაც ბედი ისე დაეცემა, როგორც აგური ეცემა თავში ადამიანს?" (გაზ. "თბილისი", 9 სექტ., 1989 წ., გვ. 5).
 წერილს დავასრულებ მამარდაშვილის სიტყვებით. როდესაც მას ჰკითხეს, რა არის ბედისწერა, მან უპასუხა: «...я знаю, что если быть, то только человеком судьбы, но человеком судьбы быть очень трудно» (М. Мамардашвили. Мой опыт нетипичен. Изд. «Азбука», Спб., 2000. Стр. 278).
ბედისწერის კაცად ყოფნობა კი დიდ ფილოსოფიური და რელიგიური საკითხია, რომლის გააზრებამ და გადაწყვეტამ შექმნა მითები, რელიგიები და მოკვდავთა ისტორია.  
                                                                                    1-4 ოქტომბერი, 2013 წ.


                         
 

3 комментария:

  1. მოგესალმებით!
    მე ხშირი სტუმარი არ ვარ თქვენი საიტის, მაგრამ როცა შემოვდივარ, ვცდილობ შეძლებისდაგვარად გავეცნო ახალ-ახალ სტატიებს. ასე იყო დღესაც. წავიკითხე თქვენეული ხედვა მამარდაშვილის პიროვნებასა და მის ფილოსოფიაზე.
    ნამდვილად არ მსურს, თავად მერაბსა და მის მსოფლხედვაზე ვისაუბრო. ეს არაა ჩემი კომპეტენციის სფერო(თეოლოგი ვარ) და ვაღიარებ, სიღრმისეულად არ ვიცნობ(წაკითხული მაქვს რამდენიმე სტატია, ინტერვიუ და ლექცია) მის შემოქმედებას. ამდენად, ამაზე არაფერს დავწერ. უბრალოდ, პიროვნულმა პატიოსნებამ მაიძულა მეთქვა ის, რასაც ქვემოთ ვიტყვი.
    მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მომენტზე, როცა თქვენ გურამ თევზაძეზე საუბრობთ. მე არ ვაპირებ მის ადვოკატობას, მაგრამ ნამდვილად უპატიოსნობა იქნება ჩემი მხრიდან იმის არ თქმა, რაც თავად ბატონი გურამისგან მომისმენია და პირადად გვისაუბრია ლექციაზე(ჰეგელის „გონის ფენომენოლოგია“-ს გვიკითხავდა).
    ერთხელ, პირადად ვკითხე თუ რა აზრის იყო მამარდაშვილის შემოქმედებაზე, მის ფილოსოფიურ ხედვაზე და ბატონმა გურამმა ძალიან თბილად და დადებითად ისაუბრა მერაბზე. აი, თევზაძე რატომ არაფერს გამოსცემდა მის შესახებ ან რატომ არ ლობირებდა, რომ მამარდაშვილის შრომები გამოქვეყნებულიყო, ვერაფერს ვიტყვი.
    მეორე მომენტიც...
    თქვენ მას „შევარდნაძის და სააკაშვილის ფილოსოფოსს“ უწოდებთ. ედუარდთან თევზაძის მიმართებაზე გამიჭირდება საუბარი, რადგან არ ვიცი, მაგრამ მიშაზე რომ მკვეთრად უარყოფითი აზრის იყო(შვილისგან განსხვავებით), ამას ლექციებზეც არ მალავდა. პირად საუბრებში კი - შლეგსაც უწოდებდა და უმწავავესად აკრიტიკებდა . რამდენადაც ვიცი, ამის გამო შვილთან ნამდვილად არ ჰქონდა ჰარმონიული ურთიერთობა. ამდენად, გადამეტებული მგონია მისი სააკაშვილის აპოლოგეტად გამოყვანა.
    სულ ესაა, რისი თქმაც ეგებოდა ჩემი მხრიდან.

    P.S. ბატონო გოჩა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მთლად ისეც არ იყო საქმე, როგორც თქვენ აღწერთ. იმას ვგულისხმობ, რომ 2011 წელს გამოიცა წიგნი „ცნობიერების ტოპოლოგია“, სადაც თავმოყრილია მერაბ მამარდაშვილის ლექციები, მოხსენებები, ინტერვიუები, სტატიები. ერთ-ერთი მთარგმნელი ჩემი მეგობარი იყო. ამ წიგნის შესახებ თქვენ არ გაქვთ ნახსენები ნარკვევში.

    ОтветитьУдалить
  2. აი ახლა ვნახე ეს კომენტი. მე მოვკვდე თუ აქამდე ნანახი მქონოდეს და არ მეპასუხოს. რაღა საანონიმოა? რატომ არ გინდათ საკუთარი ვინაობის თქმა? რა არის ეს მალვა? შე კაი კაცო, ღვთისმეტყველი თუ ხარ და ეგ როგორ უნდა თქვა, რომ მამარდაშვილი არააო ჩემი კომპეტენციის სფერო? განა ფილოსოფია და თეოლოგია ერთმანეთთან ათასი ძარღვით არ არიან დაკავშირებულნი? რატომ არ შეგეხოთ თქვენ ის მისი ნათქვამი, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია? ხომ უნდა გეთქვათ რაღაც? განა აუცილებელია ფილოსოფოსი იყო მხოლოდ მაშინ გეთქვათ ამაზე რაღაც? ეს თავის არიდებაა. ეს თავის გამართლებაა, რომ აი მე თეოლოგი ვარ და რა საკითხებიც აქაა დაყენებული, მასზე ამიტომ არაფერს ვიტყვი. ვინ გაყო ფილოსოფიისა და თეოლოგიის საფიქრალი?
    ვერაა ეს კარგი მოწერილობა. მე ჩემი თავის მიმართ ვარ დაუნდობელი და სხვასაც პირში ვეუბნები. მე ვუთხარი ადრე კათედრაზე თევზაძეს, როცა ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი იყო, რომ შევქმნათ ფენომენოლოგიური საზოგადოება, შევქმნათ ნიცშეს საზოგადოება, დავაფუძნოთ მამარდაშვილის სემინარი. არ მომისმინა. მან მოშალა კათედრაზე საფილოსოფიო საქმე და მერე წავიდა თსუ-დან. ეს იყო 2005 წელი, როცა დაიწყო თსუ-ს მიერთება ბოლონიის პროცესთან. მე ვინმე მასწავლის რა არის გურამ თევზაძე? აქ არ დავიწყებ მოყოლას. ის, რომ მან თქვენთან თბილად ისაუბრა მერაბზე, არ ადასტურებს თევზაძის სათნოებას. ეგ იყო "მოქკავშირის" იდეოლოგი. ეგ რომ ყოფილიყო სააკაშვილის ოპოზიცია, გამოვიდოდა სადმე, როგორც ფილოსოფოსი და ილაპარაკებდა. აი ფილოსოფოსის ეთოსი ავალებდა მას ასე მოქცეულიყო. მამაც და შვილიც იყვნენ სააკაშვილები ფილოსოფიაში. ჩემთან რა, არ გაუკრიტიკებია შევრდნაძე და მერე რა? ხომ ბოლომდე შევარდნაძის ბანაკში იყო და იყო?
    თქვენ მწერთ, რომ "სულ ესაა, რისი თქმაც ეგებოდა ჩემი მხრიდან". სულ ეს არ უნდა იყოს. ამ წერილში ბევრი საკითხია დაყენებული და როგორც ღვთისმეტყველი, რატომ არ შეიმსჭვალეთ რომელიმეთი? თუ ჩემ საიტს კითხულობთ, რომელიმე საკითხმა რად არ შეგძრათ? წაგიკითხავთ გოგის მეომარი? იიობ ყუცელის ძლევა? იუდას ფენომენოლოგია? ამ თეთრ საიტში ყველა ნაშრომი არ დევს. შავში ყველა დევს
    ჩემმა მკითხველმა, მწერალმა ლევან ბებურიშვილმა, რომელსაც მიმოწერით ვიცნობ, მამარდაშვილზე წერილის წაკითხვის შემდეგ შემატყობინა, რომ "ცნობიერების ტოპოლოგია" თურმე ქართულადაც არის. მე სანამ ამ წერილს დავწერდი, ჩავედი საჯაროში და კატალოგისტ ქალს მოვაძებნინე მამარდაშვილის შრომები. აჩვენა მხოლოდ ძველები და "ცნობიერების ტოპოლოგია" არ უჩვენებია კომპიუტერს. მიტომაც ასე დავწერე, რომ არაფერი გამოსულა-მეთქი ქართულად. რა, მეცოდინებოდა და არ დავწერდი? ვაპირებ მეორე წერილის დაწერას მერაბზე, რადგან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. აი იქ ვიტყვი "ცნობიერების ტოპოლოგიაზეც".
    ბოლოს ერთს გეტყვით: არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა თსუ-ს ფილოსოფოსებს. ყველა თავისთვის დაჩალიჩობს. მერე ტელევიზიით ქვეყანას ატყუებენ.
    მე ვფიქრობ, გოგო ჩანხართ. ბიჭი რომ იყოთ გასწავლიდით ფილოსოფოსობას. წაიკითხეთ ბედისწერაზე ჩემი ნაშრომი, ასევე თერიონის ვარდის თავები შავ საიტზე. მიკვირს და მწყინს, რომ იმალებით და ანონიმობთ.

    ОтветитьУдалить
  3. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить